05/06/2023
16:00
პოლიტიკა
ის ამბავია სასაცილო, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე მას შემდეგ გამოქვეყნებულ „ფეიკ“ რეზოლუციებსა და განცხადებას.
„ჯერ ის ამბავია სასაცილო, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს. მაგალითად, წელიწადზე მეტია მგონი, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იმ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე მას შემდეგ გამოქვეყნებულ „ფეიკ“ რეზოლუციებს, განცხადებებს, ათობით, ასობით და ათასობით განცხადებას. ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა და გაცილებით მეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკიდან წასული ადამიანის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. ხაბეიშვილი ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე, ამასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება, რთული იქნება. უკვე, როცა რეიტინგი ნულზე დავიდა, ახლა სხვა ოპონენტებს დახმარების ხელი გაუწოდა, ესეც ძალიან სასაცილოა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ცოდვა აქვს ჩადენილი“.
„ნაცმოძრაობის“ კლასტერის შიგნით ცდილობენ სახელებს და გვარებს დაუკავშირონ ის წარსული ცოდვები, რაც მათ მრავლად აქვთ თავისი პოლიტიკური ე.წ. მოღვაწეობის პერიოდში. 2012 წლამდე თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ ყველას. დღეს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას იზიარებს, 2012 წლამდე იმ ცოდვებსაც იზიარებს და თანაავტორი ხდება იმ ყველაფრის, რაც თავის დროზე ჩაიდინეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - განაცხადა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მისამართით ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.
0
0