08/09/2022
12:15
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3 პროცენტით განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 64.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 44.8 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე იაპონია – 41.8 მლნ. აშშ დოლარით (11.9 პროცენტი).
2022 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 75.6 მლნ. აშშ დოლარით (21.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი).
0
0