
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.8 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 16.4 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 15.5 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 14.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 9.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.6 პროცენტი – მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, ხოლო 15.5 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 124.8 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 34.3 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 59.0 პროცენტი – ღორი, ხოლო 4.7 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.9 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 133.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, სასაკლაოების მიერ 2025 წლის მეორე კვარტალში 15.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 31.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.4 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 34.9 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.9 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40.5 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 33.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.3 ლარი.
ამასთან, საქსტატის ანგარიშით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 234 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც 43.6 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეებში შენახული იყო 90.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 41.6 პროცენტი – ქათმის ხორცი, 20.7 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები, 14.8 პროცენტი – თევზეული, 11.8 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 6.2 პროცენტი – რძის პროდუქტები და 4.9 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
2025 წლის მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 14.0 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 25.6 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 60.4 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მლნ. ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 189.5 მლნ. ლარის ღირებულების 24.7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 44.2 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 13.6 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 42.2 პროცენტი.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 7.4 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 3.9 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
0
0