
სომხეთის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, „არარატ-არმენიის“ მოთამაშე ოგანეს ჰარუთუნიანი ტრავმირებულია. იგი საქართველოს ნაკრებთან მატჩებს გამოტოვებს – ინფორმაციას გამოცემა „სპორტარანი“ ავრცელებს.
25 წლის ნახევარმცველს „არარატ-არემენიის“ ბოლო ორ შეხვედრაში არ უთამაშია – ჩემპიონატში „პიუნიკთან“ (2:1) 1 მარტს და 5 მარტს „ურარტუსთან“ (1:0) სომხეთის თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში. მისი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა განაცხადა, რომ უთამაშებლობის მიზეზი კუნთის ტრავმაა და ამით გაამხილა, რომ ჰარუთუნიანი სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.
„ჰარუთუნიანს კუნთის ტრავმა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ის გუნდში სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებული საერთაშორისო შესვენების შემდეგ დაბრუნდება“, – განაცხადა მინასიანმა.
ეს სომხეთის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია, რადგან საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე გუნდს უკვე მეორე ცენტრალური ნახევარმცველი დააკლდა – პირველი გუნდის ლიდერი, „კრასნოდარის“ მოთამაშე ედუარდ სპერციანი იყო.
ჰარუთუნიანი სომხეთის ნაკრებში პირველად 2022 წელს, „პიუნიკში“ თამაშის დროს მიიწვიეს და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში პოზიციები თანდათან გაიმყარა. მან გუნდის ფორმა 25-ჯერ მოირგო, თუმცა გოლი არ გაუტანია. ჰარუტუნიანი 2022 წელს საუკეთესო სომეხი ფეხბურთელების ხუთეულშიც მოხვდა.
უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩები საქართველოსა და სომხეთს შორის 20 (ერევანში) და 23 მარტს (თბილისში) გაიმართება. ეს იქნება სომხეთის ნაკრების პირველი მატჩები ახალი მწვრთნელის, იოჰან ვან სხიპის ხელმძღვანელობით.
0
0
ამერიკა კანადა არ არის - მარკ კარნი
10/03/2025