01/05/2024
13:16
საზოგადოება
„თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები “უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომლის კანონად მიღებაც, ოპოზიციის მტკიცებით, მედიის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიზანმიმართული.
30 აპრილს, თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პოლიციას კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. ხალხმა უკან დაიხია, თუმცა რუსთაველის მთავარ გამზირზე შეტაკებები გვიანობამდე გაგრძელდა. მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა და დააკავეს. საქართველოს ხელისუფლებას ფიზიკურ დაპირისპირებებთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. ოპონენტები მთავრობისგან კანონპროექტის გაუქმებას მოითხოვენ, რადგან მათი მტკიცებით, კანონპროექტი ინსპირირებულია ავტორიტარული კანონმდებლობით, რომელსაც მეზობელი რუსეთი განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. ოპონენტები ასევე შეშფოთებულნი არიან, რომ კანონპროექტი შეიძლება გამოყენებული იყოს ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კრიტიკული ხმების ჩასახშობად“, - წერს BBC-ი.
„პარალელები გავლებულია ავტორიტარულ კანონთან, რომელიც რუსეთში 2012 წელს შევიდა ძალაში და, მას შემდეგ, რუსეთის მთავრობამ ის კრემლის მოწინააღმდეგეების [მათ შორის ცნობილი კულტურული მოღვაწეების, მედია ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების] მარგინალიზაციისთვის გამოიყენა... ბევრს აწუხებს ისიც, რომ ასეთი კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სავალი გზიდან გადაახვევინებს, რომელსაც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, მხარს უჭერს ქართველების თითქმის 80%,“ - იუწყება სამხრეთ კავკასიაში BBC-ის კორესპონდენტი რაიჰან დემიტრი.
17 აპრილს, დეპუტატებმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი პირველად დაუჭირეს. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების მატარებელი“ ორგანიზაციები.
საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, მაგრამ, ახლახანს, ბრიუსელმა და ვაშინგტონმა განაცხადა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის საზიანო იქნება.
არაერთმა ევროპელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან "შეუთავსებელია", თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მთავრობის პოზიცია ურყევია. კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რევოლუციების მოწყობის ორჯერ მცდელობაში, „გეი პროპაგანდის“ ხელშეწყობასა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და უარყოფს მოსაზრებას, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს ან, რომ კანონის მიღების უკან რუსეთი დგას.
30 აპრილს, საპროტესტო აქციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ აქციაც გაიმართა. პარტიის მილიარდერმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დასავლეთი მკაცრად გააკრიტიკა.
0
0