
ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს, წინა სეზონებისგან განსხვავებით, 1 კვირით ადრე დაიწყება. ამასთან, არის ახალი აკრძალვები და ლიმიტები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, საქართველოში, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2023 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 2024 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.
(წელს აკრძალულია წითელთავა ყვინთიასა [Aythya ferina] და ჩვეულებრივი გვრიტზე [Streptopelia turtur] ნადირობა. ამასთან, დაიშვა ნადირობა საყელოიან გვრიტზე [Streptopelia decaocto].)
სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება „ფრინველთა პოპულაციების დაცვის მიზნით“ იქნა მიღებული.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში ყოველი წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს იწყებოდა და მომდევნო წლის მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა 2023 წელს ნადირობის სეზონი აგვისტოს მესამე შაბათს [19 აგვისტოს] დაიწყება.
ცვლილება კანონში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით შევიდა. მასში აღნიშნულია:
„პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე, განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით, ნადირობის ადგილების მიხედვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე“.
წყარო: “ბათუმელები”
0
0