24/05/2024
13:47
ტურიზმი
საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა პირველი ივნისიდან მხოლოდ სამოგზაურო დაზღვევით იქნება შესაძლებელი. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და დადგენილება სწორედ მაგ დროისთვის დამტკიცდება. შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა პირობებით მოუწევთ უცხოელებს დაზღვევის შეძენა.
თუმცა როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი წერს, საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული არიან, სამოგზაურო დაზღვევა ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიებისგან შეიძინონ. უცხოური ტუროპერატორები თავიანთ კლიენტებს უკვე აფრთხილებენ, რომ უმჯობესია, დაზღვევის პოლისი მოგზაურობამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე შეიძინონ, რომ საქართველოს საზღვარზე არსებული პრობლემები მაქსიმალურად აიცილონ თავიდან.
10-დღიანი პოლისი, საშუალოდ, 45-90 ლარი ღირს.
დაზღვევამ 5,000 დოლარის ოდენობის ამბულატორიული და გადაუდებელი სერვისები უნდა უზრუნველყოს, ასევე, 30,000 დოლარის სტაციონარული მომსახურება დაფაროს.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაგეგმილზე მეტი ხნით დარჩა, მას დაზღვევის ონლაინ განახლება შეუძლია ან საქართველოს სადაზღვევო კომპანიებისგან დამატებითი პაკეტი უნდა შეიძინოს.
სააგენტოს ცნობითვე, დაზღვევის არარსებობისთვის ჯარიმა 300 ლარის ოდენობით დაწესდება. თუ ჯარიმა დროულად არ იქნა გადახდილი, დამატებითი საჯარიმო სანქციის სახით ის 600 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთ თვეში გადაუხდელობის შემთხვევაში, თანხა 900 ლარამდე გასამმაგდება.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“
0
0