08/11/2022
12:37
ეკონომიკა
საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასა და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება.
ანგარიშის თანახმად, მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა.
„2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-სექტემბერში კი ექსპორტი 6.3%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 4.4-ჯერ ზრდამ განაპირობა;
ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ექსპორტირებული 109 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 63% იყო;
2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია;
ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარით). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია; რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა, აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024