29/05/2023
13:23
პოლიტიკა
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე დასაქმებაზე აისახა, დასაქმება კი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ეკონომიკური ზრდით უნდა გაუმჯობესებულიყო. დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა მონაცემები სიღარიბის შესახებ, რომელთა თანახმადაც მისი დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ, გასული წლის სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელთა თანახმადაც, 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ასევე მთავრობის მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა აისახა როგორც დასაქმების ზრდაზე, ასევე სიღარიბის შემცირებაზე. შედეგად, 2022 წელსაც სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და მან ისტორიულ მინიმუმს – 15.6%-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოფხვრილია – ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2022 წლის განმავლობაში. ეს კი, ლევან დავითაშვილის განმარტებით, მათ შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია.
„უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა – მაშინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1.1 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წელს სიღარიბეს თავი დააღწია დაახლოებით 63.3 ათასმა ადამიანმა. ჩვენ, ეს ტემპი, ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესი იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ ვსაუბრობდეთ სიღარიბეზე, ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ, ეს ხელისუფლების და ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სიღარიბის შემცირებასთან ერთად ასევე შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც და ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მისი თქმით, ბევრი ძალიან წარმატებული, მაღალშემოსავლიანი ქვეყანაც ვერ უმკლავდება ხოლმე უთანასწორობის საკითხებს, ეს არის გამოწვევა ბევრი საზოგადოებისთვის.
„ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შემოსავლების განაწილებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.36 გახდა. როგორც იცით, აბსოლუტური მინიმუმია, როდესაც კოეფიციენტი ნულისკენ მიისწრაფვის და რაც უფრო ნაკლებია ჯინის კოეფიციენტი, საზოგადოებაში შემოსავალი მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0