
საქართველოში საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიოში ცნობილი ბალერინა ელენე გლურჯიძის საერთაშორისო საზაფხულო კურსი ტარდება.
ინტენსიური საერთაშორისო საზაფხულო კურსის ჩატარების იდეა ეკუთვნის ელენე გლურჯიძეს, რომელიც წლების განმავლობაში ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა იყო.
სასწავლო კურსი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. საზაფხულო სკოლის 120-მდე მოსწავლისთვის მასტერკლასებს ატარებენ ცნობილი პედაგოგები: ელენე გლურჯიძე, ნინო ანანიაშვილი, ოლგა სემიონოვა, სტანისლავ ფეკო, ვასილი მედვედევი, სარა ნაითი, ვლადა კოტერი, ვივიან ტრიანტაფილოპულო.
მასტერკლასს საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე დაესწრნენ.
19 ივლისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე საზაფხულო სკოლის მონაწილეები საჩვენებელ წარმოდგენას გამართავენ.
0
0