09/09/2024
11:16
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 პროცენტია. რეინვესტიციამ – 451.3 მლნ. აშშ დოლარი და მისი წილი 78.6 პროცენტით განისაზღვრა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა – პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე მალტა – 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი).
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორებს, პირველ ადგილზე 46.4 პროცენტით გაერთიანებული სამეფოა. მეორე ადგილზე იაპონია 10.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე მალტა – 6.6 პროცენტით. 2024 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 79.2 მლნ. აშშ დოლარით (13.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 75.7 პროცენტი შეადგინა.
0
0