24/04/2023
19:13
პოლიტიკა
საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, დავით ზურაბიშვილი ან გლობალური ომის პარტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას.
„მეც მინდა, ჩემს კოლეგებს დავეთანხმო. დავით ზურაბიშვილი ნამდვილად უცხოელი აგენტია. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცით, რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს – დავით ზურაბიშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. კიდევ ერთხელ ისიც გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გაჩერებული აქვს თანხები. მის მიმართ ერთგვარი არაფორმალური სანქციები მოქმედებს. მეტიც, მას უკვე ემუქრებიან რაღაც ისეთი საკითხებით, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული. ეს არის იგივე დაპატიმრების მუქარა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ინტერესი არ გამქრალა. ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, აქ გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი. ამაზე დასკვნები საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. ხელისუფლება აუცილებლად გაუძლებს წნეხს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაუძლებს წნეხს, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო რთული პროცესები გაუვლია, ამასაც გავივლით და საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, დავით ზურაბიშვილი ან გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024