
საქართველოში ირანის საელჩო, თეირანში, 12 იანვარს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის რეზიდენტ ელჩებთან და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეხვედრაზე განაცხადა: „ჩემი მიზანია, ამ შეხვედრაზე ვისაუბრო იმ მოვლენების შესახებ, რომელსაც, ბოლო დღეების მანძილზე, ადგილი ჰქონდა ირანის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებსა და მოედნებზე. მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი დასკვნები. რამდენიმე კვირაში ჩვენ ვიზეიმებთ რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავს. ეს აჩვენებს თუ რაოდენ რთული გზა განვლო ირანელმა ხალხმა წლების მანძილზე, რათა დაეცვა საკუთარი თავისუფლება და ღირსება, ამავდროულად კი წინ აღდგომოდა გარე ძალებს, რომლებიც ირანზე თავისი გავლენის განვრცობას ლამობდნენ.
28 დეკემბრიდან ბაზრის და პროფკავშირების წარმომადგენლების დემონსტრაციები დაიწყო, რომელიც სრულიად მშვიდ გარემოსა და ირანის კონსტიტუციის შესაბამისად ტარდებოდა. პროტესტის მშვიდობიანი სახით გამოხატვა ირანის ნებისმიერი მოქალაქის უფლებას წარმოადგენს. 28-30 დეკემბერს, პირველ ეტაპზე, დემონსტრაციებს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და ძირითადად ბაზრის და პროფკავშირების დონეზე ტარდებოდა. თავის მხრივ, მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები პროფკავშირების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა არაყჩიმ.
მან ასევე აღნიშნა: „პრეზიდენტი პირადად შეხვდა პროფკავშირების და სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს, ასევე ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებს. ეკონომიკური მიმართულებების მინისტრებმა ასევე გამართეს შეხვედრები და მოისმინეს მათი სურვილები, ამ მიმართულებით გადადგეს გარკვეული ნაბიჯები და განახორციელეს ზოგიერთი ეკონომიკური რეფორმა. ვინაიდან დემონსტრაციები მშვიდობიანად და პროტესტის გამოხატვის მიზნით ტარდებოდა, პროფკავშირებმა და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარი პრობლემების შესახებ. მთავრობამ მოისმინა ეს პრობლემები. პირველ ეტაპზე, დემონსტრაციები შემცირდა და მისი ადგილი დიალოგმა დაიკავა“.
„მეორე ეტაპზე დემონსტრაციებზე საერთოდ სხვა პირები გამოჩნდნენ. ამ ეტაპზე აქციებმა უკვე ძალადობრივი ხასიათი მიიღო. დასავლეთის არაერთ ქვეყანას, მათ შორის ამერიკას, მსგავსი დემონსტრაციები გამოუცდია. ჩვენი უსაფრთხოების ძალები სრული თავშეკავებით მოქმედებდნენ და ცდილობდნენ, წინ აღდგომოდნენ ძალადობას. პირველიდან შვიდ იანვრამდე სწორედ ასეთი სახის დემონსტრაციები იმართებოდა, რომელსაც თან ახლდა ძალადობრივი კომპონენტიც, თუმცა, ჩვენი გადმოსახედიდან, მისი კონტროლი მაინც შეიძლებოდა.
8 იანვრიდან დაწყებული 10 იანვრამდე, დემონსტრაციებს უკვე ტერორისტული და შეიარაღებული დაჯგუფებები შემოურთდნენ, რომელთაც დემონსტრანტებს იარაღი დაურიგეს. ამდენად, სრულიად ცხადი შეიქმნა, რომ მათი ახალი გეგმის მიხედვით, დემონსტრაციები უნდა გაეყვანათ თავისი ძირითადი ჩარჩოდან და ექციათ ძალადობრივ და სისხლისმღვრელ შეტაკებებად. ეს შეირაღებული პირები ცეცხლს უხსნიდნენ არა მხოლოდ პოლიციელებს, არამედ უბრალოდ პირებსაც. მათ მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხალხზე თავდასხმის შემთხვევაში, ირანს თავს დაესხმებოდა. ეს განცხადება თავისთავად წარმოადგენს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მკაფიო ნიმუშს. მაშასადამე, ის ძალები, რომელთაც არეულობის და ქაოსის მოწყობა სურდათ, ყოველნაირად ცდილობდნენ გაზრდილიყო მსხვერპლთა რიცხვი, რათა შედეგად პროცესებში ამერიკა ჩარეულიყო. ჩვენს ხელთ არსებული ხმოვანი ჩანაწერები ასახავს, თუ როგორ მოუწოდებენ ეს ძალები დემონსტრატებს, ცეცხლი გაუხსნან პოლიციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პოლიციელისთვის სროლა ვერ მოახერხეს, ესროლონ უბრალო ხალხს, მათ წინ მდგარ გოგო-ბიჭებს. მათი თქმით, მთავარი მხოლოდ ისაა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტი სისხლი დაიღვაროს.
მოგვეპოვება მრავალი საბუთი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამერიკის და ისრაელის ჩართულობას ამ ტერორისტულ ქმედებებში. ისრაელის მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ისრაელი ჩართულია ირანში ოპერაციების დაგეგმვაში. CIA-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ ტვიტერზე დაწერა კიდეც: ვულოცავ ახალ წელს ქუჩაში მდგომ ხალხს და მათ გვერდით მყოფ მოსადის თანამშრომლებს. ეს სრულიად ცხადი აღიარებაა იმისა, რომ რომ სპარსულ ენაზე მოსაუბრე მოსადის აგენტები იმყოფებიან ირანის ქუჩებში. ჩვენ ვიკვლევთ ამ საკითხებს. პასუხისმგებლებლად მიგვაჩნია ის პირები, რომელთა ქმედებები გახდა მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდის მიზეზი. მათაც უნდა აღიარონ საკუთარი პასუხისმგებლობა.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ნაცვლად ტერორიზმის დაგმობისა, გმობს პოლიციის ქმედებებს. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ღაზაში 70 ათასი უდანაშაულო პირის მკვლელობაზე თვალი დახუჭეს. მათ არ დაუგმიათ ამერიკის და ისრაელის თავდასხმა ირანზე, ახლა კი ტერორისტების გამო ნიანგის ცრემლებს ღვრიან. ჩვენ ოფიციალურად ვაღიარებთ ყველა ირანელის უფლებას, გამოხატონ პროტესტი, მაგრამ არეულობას, საზოგადოებრივი საუკეთრებისთვის ცეცხლის წაკიდებას, ტერორისტულ ქმედებებს, ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის ცეცხლის გახსნას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეიწყნარებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ის ქვეყნები, რომელთაც არასწორი პოზიცია დაიკავეს, თვალს გაუსწორებენ არსებულ რეალობას. უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი ხალხი მოითხოვს ამ არეულობის შეჩერებას და მის ალაგმვას. მოსახლეობის მხოლოდ 30% -ს მიაჩნია,რომ ეს არეულობა ეკონომიკური პრობლემების შედეგია. 70%-ზე მეტი თვლის, რომ არეულობის უკან გარე ძალები დგანან.
გვინდა ჩვენი ხალხის დაღვრილი სისხლის გამო დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ამ საკითხის კვლევას როგორც საერთაშორისო ინსტანციებში, ასევე შიდა სამართლებრივი გზებით გავაგრძელებთ. უსაფრთხოების ძალები ამჟამად აკონტროლებენ ვითარებას. იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნების მხრიდან ადგილი არ ექნება არასწორ გათვლას. ჩვენი ამ სამ დღეში განვითარებული მოვლენები მიგვაჩნია 12 დღიანი ომის გაგრძელებად, რომლის მიზანიც გარეთ დაგეგმილი არეულობის ირანში გადმოტანა იყო. მაგრამ ხალხმა თავისი ერთიანობით მათ წინააღმდეგობა გაუწია. ამ ჯერზე სცადეს ტერორისტული ოპერაცია ქვეყნის შიგნიდან დაეწყოთ, რათა შეემზადებინათ ნიადაგი საგარეო ინტერვენციისთვის, რაც მორიგი არასწორი გათვლა აღმოჩნდა. ამჟამად უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ ყველა ქალაქს“, - განაცხადა არაყჩიმ.
საელჩოს ინფორმაციით, სეიედ აბას არაყჩიმ ასევე ისაუბრა საყოველთაო მსვლელობაზე და აღნიშნა: „ირანელი ხალხი ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ქვეშ შეიკრიბა“.
„ის ასევე შეეხო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გამორთვას და, ამასთან დაკავშირებით, ელჩებს მიმართა: „ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის და თქვენი უსაფრთხოების გამო. ამჟამად თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ უსაფრთხოების უწყებებთან, რათა საელჩოებში ინტერნეტის მიწოდება აღდგეს და საქმიანობა ჩვეულ პროცესს დაუბრუნდეს“.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მას შემდეგ რაც შეხვედრაზე აჩვენეს ერთი ვიდეო, რომელზეც ჩანდა ტერორისტული ძალების ქმედებები ირანის ქალაქებში, ერთ-ერთი ელჩის მიერ დასმულ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა: „ირანი დიდი და ძლიერი ქვეყანაა და ყოველთვის ასეთი იყო. ირანი კანონიერად გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციებს ხელს არ უშლის და როგორც თავადაც იხილეთ, ხელისუფლება დიალოგში შევიდა და ამ დიალოგების პროცესში გარკვეული რეფორმებიც განხორციელდა. არსებობს უსაფრთხოების საკითხები, რასაც თქვენც აღიარებთ და რომლის საფრთხეც თქვენთვისაც რეალურია, ამიტომ გარკვეული შეზღუდვები გაგრძელდება მანამდე, სანამ დავრწმუნდებით, რომ არანაირი საფრთხე აღარ არსებობს“.
არაყჩიმ დასძინა: „ირანი არ ესწრაფვის ომის გაჩაღებას, თუმცა ომისთვის მზადაა“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
15 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
13/01/2026