
გამოწვევები უზარმაზარია და ნამდვილად რთულია და მე ვსაუბრობ გამოწვევებზე, რომელიც ახლა არსებობს ბევრი რეპრესიული კანონის მიღების გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვედრია.
„მადლობა მინდა ვუთხრა სამდივნოს ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის პირობებში, რომელიც სრულიად უჩვეულო იყო. ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან კონტაქტის შესაძლებლობა, რადგან ჩვენ არ ვაღიარებთ მათ ობიექტურობას. ჩვენ განვახორციელეთ მისია მთავრობასთან კონტაქტის გარეშე, მაგრამ სამდივნომ მოახერხა, რომ გვესაუბრა ყველა შესაბამის პარტნიორთან, რომლებისგანაც ვფიქრობდით, რომ მოვისმენდით რაც საჭირო იყო შთაბეჭდილებას მისაღებად იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში. ჩვენ არ გვქონია კონტაქტი ხელისუფლებასთან. მე ვსაუბრობ რეჟიმის მთავრობაზე“, - აღნიშნა ნაჩო სანჩეს ამორმა.
მან საქართველოში ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის სრულიად საპირისპირო იმასთან შედარებით, რაც ხდება ევროკავშირში.
„საქმე მხოლოდ კანონებს არ ეხება, არამედ განხორციელების პრაქტიკას და ეს არის ნარატივი, რომელიც სრულიად საპირისპიროა იმასთან შედარებით, რაც ხდება ევროკავშირში. მთავრობა ცდილობს საზოგადოებრივი აზრისა და ევროკავშირის დეზინფორმაციას. ჩვენ ქვეყანას იმ დროს ვეწვიეთ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიული ქმედებების წინაშეა. ეს ნიშნავს გარკვეული საკომუნიკაციო საშუალებების და უცხოეთიდან გარკვეული შეღავათების მიღების, ადამიანის უფლებებზე მომუშავე გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვას, მაგრამ მათ სურთ ბრძოლის გაგრძელება და რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად მუშაობის გაგრძელება. ასე რომ, ამჟამად ევროკავშირისთვის ძალიან რთულია კანონებთან დაკავშირებით ყველა იურიდიული სირთულის განხილვა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური მხარდაჭერა. სამოქალაქო საზოგადოება პროტესტს განაგრძობს. ჩვენ ვხედავთ ამ პროტესტის წინააღმდეგ სერიოზულ რეპრესიას. ყველას, ვინც დემოკრატიულად აზროვნებს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს, სურს დემონსტრაციის უფლების დაცვა, მათი დაცვა, ვინც დაპატიმრებულია. სიტუაცია არ შეიძლება უარესი იყოს, ისინი ნამდვილად არღვევენ სამოქალაქო საზოგადოებას“, - აღნიშნა ნაჩო სანჩეს ამორმა.
მისი თქმით, საქართველოში ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერის პირადი ისტორია ართულებს მათთვის ერთად მუშაობას და ერთი ხმით საუბარს.
„მაგრამ მათ ერთი ხმით უნდა ისაუბრონ, თორემ დაიშლებიან. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციამ უნდა მიიღოს, არის ის, სურს თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, თუ რა პროცედურების მიღება სურს“, - აღნიშნა ნაჩო სანჩეს ამორმა.
0
0