
,,თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები გრძელდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს კრემლთან რაიმე კავშირს, თუმაც მისმა ბოლოდროინდელმა ქმედებებმა დიდი კითხვები გააჩინა დასავლეთთან საქართველოს სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით.
აქციის დროს 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, ასევე ნაცემია დაკავებული მომიტინგეები, რომლებმაც სახის და თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღეს. ადვოკატების თქმით, ათობით ტელერეპორტიორზე თავდასხმა მოხდა,“ - წერს BBC-ი.
„ადამიანებზე მასშტაბურად ნადირობენ... მათ ცემენ და კლინიკებში უწევთ მკურნალობა, ასეთი ძალადობა არასდროს მინახავს“, - თქვა საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პოლიცია „სისასტიკეში“ ჩაერთო და მან უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. მთავრობის მხარდამჭერების მტკიცებით, პოლიცია მომიტინგეების მხრიდან ქვებით და ფეიერვერკით თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
მიმდინარე მოვლენები საკონსტიტუციო კრიზისს ასახავს, რომლიდანაც აშკარა გამოსავალი არ გამოჩნდება, თუ ერთ-ერთი მხარე არ დათმობს. დაიხევს თუ არა ხელისუფლება უკან, თუ პოლიციის დახმარებით დაშლის საპროტესტო აქციებს? ორივე მხარე [მთავრობა და ოპოზიცია] ერთმანეთს არალეგიტიმურ მოქმედებებში ადანაშაულებს. ასევე მომიტინგეები, რომლებსაც მხარს უჭერს პროდასავლური პრეზიდენტი და ოთხი ოპოზიციური ჯგუფი, ამბობენ, რომ მთავრობა არალეგიტიმურია და ოპოზიცია პარლამენტში "გაყალბებული არჩევნების" გამო არ შევა. ამ დროს მეზობელი რუსეთი ყურადღებით აკვირდება და მოვლენებს უკრაინის "მაიდანს" ადარებს, როდესაც მისი პრეზიდენტი [ვიქტორ იანუკოვიჩი] 2014 წლის თებერვალში ევროკავშირის მომხრე დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს და რუსული ჯარები და მათი მარიონეტები ქვეყნის ნაწილების დასაკავებლად გადავიდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები რუსეთის სპეცოპერაციად შეაფასა, და შემდეგ დაიწყო აჟიოტაჟი, როდესაც გაირკვა, რომ რუს ჟურნალისტს ალექსანდრე მალკევიჩს, რომელმაც პროპაგანდისტული ქსელი შექმნა ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში, მიენიჭა აკრედიტაცია არჩევნების გასაშუქებლად. თუმცა არცერთი მხარე არ ადასტურებს არჩევნების პროცესში რუსეთის ჩარევას იმ შემთხვევაშიც კი, რომ [,,ქართული ოცნების“] მილიარდერმა მამოძრავებელმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილმა, ფული რუსეთში გამოიმუშავა და კრიტიკოსები თვლიან, რომ მას კვლავ უნდა ჰქონდეს მოსკოვთან კონტაქტები. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანმა ჯერ კიდევ ოქტომბერში BBC-ს განუცხადა, რომ საქართველომ დიდი ხნის წინ თქვა უარი მოსკოვზე და ოპოზიცია „რუსულ ბარათს“ მის პარტიაზე თავდასხმისთვის იყენებს.
Carnegie Europe-ის კავკასიის სპეციალისტი თომას დე ვაალი თვლის, რომ მცდარი მოსაზრებაა, რომ [საქართველო]-რუსეთს შორის რაიმე სახის ახლო მეგობრობა არსებობს.
„ეს საქმიანი ურთიერთობაა - მათ შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა. მოვლენები კულისებს მიღმა ვითარდება, მაგრამ, რეალურად, მათ რუსეთის უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსეთთან შეერთების სურვილი აქვთ,“ - თქვა თომას დე ვაალმა.
როგორც BBC-ი წერს, მოსკოვი უპირატესობას ,,ქართულ ოცნებას“ ანიჭებს, რომელმაც მოკლე პერიოდში გაანადგურა საქართველოს კავშირები ევროკავშირთან და აშშ-სთან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და უნივერსიტეტის ლექტორი ლევან გიგინეიშვილი თვლის, რომ ისინი ახლა მხოლოდ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ელოდებიან: „ვფიქრობ, მშვენიერი გამოსავალი იქნება [დონალდ] ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა და შემდეგ ყველაფერი შეიცვლება“.
,,თუმცა, 20 იანვარი ჯერ შორსაა, [ტრამპის] დღის წესრიგში კი ეს პატარა კავკასიური სახელმწიფო ტოპ-საკითხი ვერ იქნება,“ - წერს BBC-ი.
0
0