
საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი გაბრიაძე უხელმძღვანელებს.
როგორც ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება.
„დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობებიც და ამ პროცესს შემდგომი მხარდაჭერა სჭირდება.
„ამ წინსვლას, რაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში, მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ შექმნამ, რომელმაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა. 2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა; პროდუქციის გამოშვებამ 14,8-დან 54 მილიარდს გადააჭარბა. საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურებამ 998-დან 2760 ლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აჭარბებს. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3-დან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამ მიღწევების შესანარჩუნებლად უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება. ბიზნესის გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოებაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0
0