07/01/2025
21:23
პოლიტიკა
საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა, - ასე უპასუხა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინფორმაციების საფუძველზე იქმნება არასწორი აღქმები.
„საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ესეც ალბათ მან უნდა იცოდეს. თუ არ იცის, ეს ალბათ საფრანგეთის ელჩს უნდა ვკითხოთ რამდენად სწორად ახდენს ინფორმირებას საკუთარი ხელისუფლების საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინფორმაციების საფუძველზე იქმნება არასწორი აღქმები“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
.საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა: „ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“.
მოგვიანებით, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „მაშინ, როცა მაკრონი დემოკრატიისთვის მებრძოლების მხარდაჭერას საგარეო პრიორიტეტად ასახელებს, ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს“.
0
0