11/01/2025
21:50
სამართალი
საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა მმართველი რეჟიმის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია, მეტი არაფერი - ქვეყანაში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ასობით მოქალაქე აწამეს, ადამიანებს დაკუჭული ქაღალდის და ბოთლის სროლისთვის ციხეში უშვებენ,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესების შესახებ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ეს პროცესები რუსული რეჟიმის სახეა.
„საქართველოში არ არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულების სისტემა. ზუსტად ისე, როგორც იყო საბჭოთა სისტემის დროს, ზუსტად ისე, როგორც არის დღეს რუსეთში ან ბელარუსში, მართლმსაჯულების სისტემა არის მმართველი რეჟიმის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, მეტი არაფერი. ქვეყანაში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ასობით ადამიანი აწამეს და ათობით შემთხვევა იყო, როდესაც „ტიტუშკები“ ესხმოდნენ ადამიანებს თავს, რამდენიმე შემთხვევაში კამერებზე დაფიქსირდა, რომ პოლიციელები იქვე იყვნენ და ხელს არ ანძრევენ, თუმცა არცერთი ადამიანია დასჯილი, ადამიანებს ასამართლებენ დაკუჭული ქაღალდის და ბოთლის სროლისთვის, ციხეში უშვებენ. გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. რუსული რეჟიმის სახეა. როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთი არ გვინდა, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეებს ესმით, რომ ახლა აქციებში მონაწილეობა მთავარი საქმეა და ამიტომ, პროტესტი არ გაჩერდება.
„აქციის დაანონებაც აღარაა საჭირო, ყველა ხედავს, რომ ადამიანები გამოდიან და უბრალოდ დგანან, ერთმანეთში საუბრობენ. ეს პროტესტი გაგრძელდება, ეს ხალხი არ შევა შიგნით, სანამ არ მოიგებს ამ ბრძოლას”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0