
საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების „ევრო 5“-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევიდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება „ევრო 5“-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი.
„რა თქმა უნდა, მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0