16/09/2022
22:39
სხვადასხვა
არქეოლოგებმა, დმანისში, სოფელ ოროზმანში, 1,8 მილიონი წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინეს, რომელიც უძველესი ადამიანის ანუ ადრეული „Homo“-ს სახეობას მიეკუთვნება. მეცნიერების თქმით, უახლესი აღმოჩენა ამყარებს მოსაზრებას, რომ ოროზმანის ტერიტორია ევროპაში და, შესაძლოა, აფრიკის გარეთაც, ერთ-ერთი უძველესი ადგილი იყო, სადაც პრეისტორიული ხანის ადამიანები დასახლდნენ.
ოროზმანის არქეოლოგიისა და პალეოანთროპოლოგიის საველე სკოლის გათხრების ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, გიორგი ბიძინაშვილი, Newsday-ს რეგიონში თავისი არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებ ესაუბრა.
"არქეოლოგიური გათხრების დაწყებიდან პირველივე კვირას ძალიან გაგვიმართლა - ჩვენ ჰომო ერექტუსის კბილები ვიპოვეთ. ეს აღმოჩენა ძალიან ამაღელვებელი იყო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დმანისი და ოროზმანი (მათ შორის 20 კმ-ია) ერთი მდინარის ხეობაში მდებარეობს, ამ აღმოჩენის შემდეგ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები უფრო ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი. ასე, რომ უფრო მეტი ადგილი იქნება შესასწავლი, ვიდრე ველოდით.
როგორც ვიცით, ჰომინინები აფრიკიდან არიან წარმოშობით. ისინი ამ რეგიონში 1.8 მილიონი წლის წინ გადმოსახლდნენ. დმანისის აღმოჩენამდე, ყველას სჯეროდა, რომ ჰომინინებმა აფრიკა 1 მილიონი წლის წინ დატოვეს, მაგრამ ეს უახლესი აღმოჩენები ამტკიცებს, რომ ეს უფრო ადრე მოხდა. ჩვენ, ბოლო კვირაა, ჯერ კიდევ ვაწარმოებთ არქეოლოგიურ გათხრებს ოროზმანის გათხრებში, შემდეგ თბილისში დავბრუნდებით და ჩვენი სამეცნიერო გუნდი ახალი აღმოჩენის შესწავლას გააგრძელებს," - განაცხადა გიორგი ბიძინაშვილმა.
წყარო: https://www.bbc.co.uk/programmes/p0d0j80j?mibextid=li3ck7&fbclid=IwAR2E-ZC4tJ6qBfJ4rwkyu5xtyXB9bcYXooZ_RFWTZYVtg-TvaQXUkFPFSXk
0
0