25/04/2024
14:10
პოლიტიკა
საქართველოში, ბოლო ათი დღეა, ათასობით ქართველი, მათ შორის ბევრი თინეიჯერი, დედაქალაქ თბილისის ქუჩებში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს. ისინი მთავრობისგან საკამათო კანონპროექტის გაუქმებას მოითხოვენ. ბევრის აზრით, აღნიშნული კანონპროექტი შთაგონებულია ავტორიტარული კანონმდებლობით, რომელსაც საქართველოს მეზობელი რუსეთი განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.
17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი - კანონად ამოქმედებამდე სამი ბარიერიდან პირველი გადალახულია.
"აქ ჩემი ევროპული მომავლის დასაცავად მოვედი", - თქვა 23 წლის გვანცა "პერცომ", რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის გვერდით, მეგობრებთან ერთად მიტინგს შეუერთდა. ის ჯენზის (Gen Z) ქართველი თაობის წარმომადგენლებს შორისაა, რომლებიც თბილისში ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მხრებზე შემოხვეული, ბანერებით ხელში, სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს!"
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციები. მათ ასევე მონიტორინგს გაუწევს იუსტიციის სამინისტრო და შესაძლოა დაევალოთ სენსიტიური ინფორმაციის გასაჯაროება - წინააღმდეგ შემთხვევაში, კი სოლიდური ჯარიმები (25000 ლარამდე) დაეკისრებათ.
როგორც ცნობილია, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში არჩევნების მონიტორინგში არიან ჩართულნი, ამიტომ მომიტინგეები ასევე შეშფოთებულნი არიან, რომ 2024 წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებამ კანონპროექტი შეიძლება კრიტიკული ხმების ჩასახშობად გამოიყენოს.
პარალელები გავლებულია ავტორიტარულ კანონთან, რომელიც რუსეთში 2012 წელს შევიდა ძალაში და, მას შემდეგ, რუსეთის მთავრობა ამ კანონს კრემლის მოწინააღმდეგეების, მათ შორის კულტურის სფეროს მოღვაწეების, მედია ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მარგინალიზაციისთვის იყენებს. საქართველოს ბევრი მოქალაქის აზრით, ასეთი კანონი ქვეყანას ევროკავშირის ნანატრი წევრობისკენ მიმავალი გზიდან გადაახვევინებს, რომელსაც (აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად) მხარს უჭერს ქართველების თითქმის 80%.
საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, მაგრამ ახლა ბრიუსელმა და ვაშინგტონმა განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის საზიანო იქნება. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მტკიცე პოზიციაზე დგას. მან არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორჯერ მცდელობაში, „გეი პროპაგანდის“ ხელშეწყობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. კობახიძე და მისი მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ეხება გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და უარყოფს მოსაზრებას, რომ ის ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება ან კანონპროექტის ინიცირებაში რუსეთია ჩარეული.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამარ ონიანი სკეპტიკურად არის განწყობილი - ის აპროტესტებს კანონპროექტს, რომელიც, მისი თქმით, „სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებს ახშობს“ და „რუსეთის ინტერესებს ემსახურება“.
”სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ. ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხია - ამ გზას ევროკავშირიდან რუსეთისკენ მივყავართ”, - განუცხადა თამარ ონიანმა BBC-ს საპროტესტო აქციაზე.
ოპოზიციური პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენლის, ანა დოლიძის, შეფასებით, ეს კანონი პარტია „ქართული ოცნების“ რუსეთისადმი „ერთგულების გამოცდას“ ნიშნავს, რომლის ამოცანაა კანონის მიღება, რათა კრიტიკოსების არაპირდაპირი გაჩუმების გზით, „რბილად“ ავტორიტარული მმართველობა დარჩეს...“
მეზობელ თურქეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში მიღებულ მსგავს კანონზე მითითებით, ანა დოლიძემ BBC-ის განუცხადა: „ე.წ. რუსეთის სამეზობლოში, პრორუსულად განწყობილ ქვეყნებს ამ კანონის მიღება მოსთხოვეს, რაც მათსა და ევროპას შორის „წყალგამყოფის“ შექმნის გზაა.“
ყირგიზეთში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ღია საზოგადოების ფონდები“ ახლახანს განაცხადა, რომ ქვეყანაში „უცხოური აგენტების“ კანონის შემოღების შემდეგ, ორგანიზაცია თავის 30-წლიან საქმიანობას შეწყვეტს. ახალი კანონი „ნეგატიურ გავლენას მოახდენს, უმეტესად, ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოებაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და მედიაზე“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
თავის მხრივ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი პროვოცირებულია უცხოური ძალების მიერ, რომლებსაც ქვეყანაში ანტირუსული განწყობის გაღვივება სურთ და უარყო, რომ რუსეთს რაიმე კავშირი აქვს აღნიშნულ კანონთან.
0
0