
„საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებთ მტკიცე ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები. ბოლო წლებში ჩვენი თანამშრომლობა ინტენსიურად ვითარდება ყველა დონეზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით.
2025 წლის აპრილში წარმატებით ჩატარდა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, ბიზნესფორუმი და დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. აღნიშნული მოწმობს, რომ ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ურთიერთობა აისახოს ხელშესახებ შედეგებში”,- აღნიშნა საკუთარ გამოსვლაში დავით სონღულაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობის წევრებს აქტიური და ქმედითი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით.
„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში. აღნიშნული მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის სტანდარტები”,-განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ხაზი გაუსვა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, მათ შორის სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების გზით.
„ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ქართველ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, უნგრეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლონ აგრარული და გარემოსდაცვითი სფეროების მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველო და უნგრეთი შეძლებენ ახალი შესაძლებლობების ათვისებას როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის სფეროებში“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა ბუდაპეშტში გამართულ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომაზე.
0
0