
„მაკკეინის ინსტიტუტი“ „დიფ სთეითის“ ჰიბრიდული ინსტრუმენტია. ბოლო წლების გამოცდილებითაც ვიცით, „მაკკეინის ინსტიტუტიდან“ როგორ ცდილობდნენ საქართველოში ძალადობრივი პროცესების განვითარებას, არეულობის მოწყობას და ამაში ამ ორგანიზაციის მხრიდან საკმაოდ მსხვილი თანხები იხარჯებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ნებისმიერი საქმიანობა შედეგს ვერასდროს გამოიღებს.
„ჩვენ ასევე ვიცით, „მაკკეინის ინსტიტუტი“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ როგორი სიძულვილით გამოირჩევა. ისიც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ კონტრაქტორია და რასაც ის აცხადებს, მხოლოდ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ლეგიტიმაცია აქვს. ამ ინსტიტუტის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნება წარმოებული, ამაოა და შედეგს ვერასდროს გამოიღებს. მაგრამ ჩვენს საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სწორედ ასეთი ჰიბრიდული ინსტრუმენტებით იბრძვიან ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ღირსების წინააღმდეგ, მათ შორის, ტროლებითა და ცილისწამებით. ეს ორგანიზაცია მხოლოდ საკუთარი აგენტებისთვის და აგენტურის გაძლიერებისთვის ხარჯავს ფულს. დანარჩენი ყველაფერი სიყალბე და სიცრუეა, რასაც ისინი აცხადებენ.
რაც შეეხება გვარამიას, ყველას შევახსენებ, რომ ეს ადამიანი სასჯელს იხდიდა თაღლითობის გამო, როდესაც მან კომპანიიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა, თანხების მოპარვა იკადრა. სხვათა შორის, შემდეგ რომელ კომპანიაშიც მუშაობდა, იმანაც წაუყენა ამ ადამიანს მსგავსი ბრალდება. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს რეციდივთან და გამოუსწორებელ ზნესთან. ამ ყველაფრის ფაბრიკაცია ვერ მოხდება. სიძულვილისა და დეზინფორმაციის ინსტრუმენტის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ სახით როგორც არ უნდა ეცადონ სხვა ყალბი რეალობის შექმნას, საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ თაღლითი თაღლითია და დამნაშავე დამნაშავეა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ნახევარმილიონიანი გრანტი რამდენიმე ქვეყანაში დაპატიმრებული პირების, მათ შორის მზია ამაღლობელის ინტერესებისთვის ბრძოლას მოხმარდება.
1
0