
„ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიაზე ზღვის ხარისხი შეესაბამება ნორმას, იმედი გვაქვს, არ ჩამოაღწევს საქართველომდე ამ კატასტროფული ზემოქმედების შედეგები“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, გასათვალისწინებელია უამრავი ჩამოტანილი მასალა – ბენზინი, ზეთი, მინერალური სასუქები, ცხოველები, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ზღვის სისუფთავის ხარისხი.
„ოდესის გარშემო ზღვის მარილიანობის მაჩვენებელი 3-ჯერ არის შემცირებული ადრეულ პერიოდთან შედარებით, რაც დიდი საფრთხეა ეკოსისტემისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია უამრავი ჩამოტანილი მასალა, დაწყებული: ბენზინი, ზეთით, მინერალური სასუქები, ცხოველები და.ა.შ, რომელმაც, შესაძლოა, შეცვალოს ზღვის სისუფთავის ხარისხი.
ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიაზე ზღვის ხარისხი შეესაბამება ნორმას, იმედი გვაქვს, არ ჩამოაღწევს საქართველომდე ამ კატასტროფული ზემოქმედების შედეგები, მაგრამ სიფრთხილე, რა თქმა უნდა, აუცილებელია. აუცილებელია მონიტორინგის ჩატარება.
ზღვის წყალს აქვს თვითგაწმენდის ძალიან დიდი უნარი, შესაბამისად, დაშორება ძალიან დიდია კატასტროფის ადგილიდან და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ზემოქმედება საქართველოს აკვატორიაში არსებულ ზღვის წყალზე იქნება მინიმალური. გარდა მუდმივი მონიტორინგისა აუცილებელია, რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც გავცემთ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ჩხაიძის განაცხადებით, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საქმე გვაქვს ბავშვების ზღვის სანაპიროზე ყოფნასთან.
მისი თქმით, კანის დამწვრობის შედეგად, შესაძლოა, განვითარდეს საშიში დაავადება მელანომა.
„ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ კანის დაზიანებაზე. კანის დაზიანება, კანის დამწვრობა, რუჯი ერთი შეხედვით შეიძლება იყოს არასაშიში, თუმცა, მას ძალიან სერიოზული ზეგავლენა აქვს ისეთი დაავადების განვითარების კუთხით, როგორიცაა საკმაოდ საშიში დაავადება მელანომა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საქმე გვაქვს ბავშვების ზღვის სანაპიროზე ყოფნასთან. მკაფიოდ უნდა დავიცვათ ის საათები, როცა არ შეიძლება მზეზე ყოფნა ეს არის 10:00-იდან 17:00-მდე.
6 თვემდე ასაკის ბავშვი ზღვის სანაპიროზე საერთოდ არ უნდა გაიყვანოთ. რაც შეეხება მზის დამცავ საშუალებებს, მისი გამოყენება ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა მოხდეს და კანის დაცვა სანაპიროზე გასვლამდე ნახევარ საათით ადრე უნდა მოხდეს“, - აღნიშნავს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
0
0