
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის GreenEngine პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის გადამზადებისა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქარეთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო საგრანტო პროექტის - „კრეატიული ინჟინერიის ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის - GreenEngine“ - განხორციელებას, რომელიც ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ეგიდით ფინანსდება.
სამუშაო შეხვედრებში, რომელიც იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან აქტიურად იყვნენ ჩართული ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი, ამავე ოფისის პროექტების მენეჯერი ედუარდ დემეტრაშვილი და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია.
პროექტის მასშტაბებსა და მნიშვნელობაზე საუბრისას, GreenEngine-ის ინსტიტუციური კოორდინატორი, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრები, რომლებიც აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციას ეძღვნება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტში მწვანე ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინჟინერიის დანერგვას, რაც სტუდენტებისთვის VR ლაბორატორიების შექმნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მდგრად სასწავლო პროცესს გულისხმობს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მივიღეთ იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო და საკოორდინაციო შეხვედრებში. ვიზიტის ძირითადი აქცენტი აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და ინოვაციური კურიკულუმების განვითარებაზე გაკეთდა, რაც გულისხმობს ისეთი სასწავლო მოდულების შექმნას, რომლებიც საინჟინრო განათლებაში კრეატიულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მეთოდებსა და მდგრადობას აერთიანებს. ახალი სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მწვანე ტექნოლოგიების პრიორიტეტულობაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და საგანმანათლებლო სტანდარტებთან. ინტენსიური შეხვედრების ფორმატში ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ევროპელი პარტნიორების მოდერაციით აქტიურად იმუშავეს ახალი თაობის კურიკულუმების შემუშავებაზე. ეს პროგრამები ორიენტირებულია კრეატიულ აზროვნებაზე, პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ მეთოდებსა და კლიმატური მედეგობის გაძლიერებაზე, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ და ამით კონკურენტუნარიანობა აიმაღლონ“, - ამბობს გიორგი მიქიაშვილი.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, იტალიაში გამართული ვიზიტი დატვირთული იყო აკადემიური და კულტურული აქტივობებით, რომელთა ფარგლებში სტუ-ის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან ერთად მიმდინარე პროცესები და მომავლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.
„პროექტი GreenEngine, რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს ინჟინრების ახალი თაობის ჩამოყალიბებას საინჟინრო განათლების მოდერნიზაციის გზით. ეს პროცესი გულისხმობს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში ასევე შეიქმნება VR სწავლებაზე დაფუძნებული თანამედროვე ლაბორატორია. GreenEngine აკადემიური პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე საინჟინრო აზროვნებისკენ უკვალავს გზას და ამას გარდა, მდგრადი განათლებისა და მწვანე პრაქტიკის ინტეგრირებით, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს უქმნის“, - აცხადებს, პროფესორი ბორის გითოლენდია.
სტუ-ის ინფორმაციით, GreenEngine მასშტაბური კონსორციუმია, რომელშიც ერთიანდებიან პარტნიორები საქართველოდან, იტალიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და უზბეკეთიდან.
0
0
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
02/04/2026