
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა იცნობდეს ილიას მემკვიდრეობას, იაზრებდეს მის გზას და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში იდგა. წიწამურში ყოფნას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ადგილი, სადაც ილიას სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა, მაგრამ მისი იდეები არ დასრულებულა. პირიქით, ილიას გზა გაგრძელდა და დღეს მისი გაგრძელება, პირველ რიგში, განათლებულ, თავისუფალ და პატრიოტ თაობას შეუძლია“, - ამის შესახებ სტუ-ის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე გიორგაძემ, წიწამურში, ილია მართლის სახელობის ტაძარში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიოს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე გიორგაძე, კულტურის და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბაბუნაშვილი, სპორტის განყოფილების უფროსი თორნიკე შენგელია, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური სერვისების უფროსი თორნიკე თუთაშვილი, სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტრტის სტუდენტური სერვისების ხელმძღვანელი არჩილ ბაბუნაშვილი და სტუდენტები, ილია მართლის სახელობის ტაძარში ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 119 წლისთავისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრნენ, ილიას მკვლელობის ადგილი ყვავილებით შეამკეს და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ღვაწლი ქართული ეროვნული თვითშეგნების, განათლების, კულტურისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებაში.
„ილიას გზა სხვადასხვა თაობისთვის სხვადასხვაგვარად იკითხება, თუმცა მისი მთავარი სათქმელი უცვლელია - ქვეყნის სამსახური ცოდნით, შრომითა და პასუხისმგებლობით. სწორედ ამ გზაზე უნდა იაროს ახალგაზრდობამ, თუ გვინდა, რომ ილიას მიერ დამკვიდრებული იდეები ცოცხალ მემკვიდრეობად დარჩეს და არა მხოლოდ ისტორიის ნაწილად. დღეს წიწამურში ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, ილიას მემკვიდრეობას არა მხოლოდ ისტორიული ფაქტების, არამედ იმ ღირებულებების - განათლების, თავისუფალი აზროვნების, სამართლიანობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საკუთარი ქვეყნის სამსახურის - ჭრილში გაცნობოდნენ, რომლებიც ილია მართლის მოღვაწეობის საფუძველს წარმოადგენდა. ილიას გზა სწორედ მაშინ გრძელდება, როდესაც მისი იდეები ჩვენი ყოველდღიური არჩევანისა და მოქმედების საფუძველი ხდება,“ – განაცხადა ივანე გიორგაძემ.
0
0