
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდი, წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიც „ტონუსთან“ ერთად ასპარეზობდნენ ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, „ოლიმპიკის“, „დინამოს“, „დინამო 2“-ისა და „ლაგუნა ვერეს“ გუნდები, ჩემპიონი გახდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, „სტუ ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდმა თბილისში, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, 2008-2009 წლებში დაბადებულ წყალბურთელებს შორის, გამარჯვებით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურნირის განმავლობაში „ტონუსმა“ მაღალი დონის თამაში აჩვენა და ყველა შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა წარმატებით დაძლია ყველა მეტოქე და დამსახურებულად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 18-წლამდელთა (U18) ასაკობრივ კატეგორიაში.
ჩემპიონატის საბოლოო შედეგები ასეთია: I ადგილი - „ტონუსი“; II ადგილი - „დინამო 1“; III ადგილი - „ოლიმპი 2“.
სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნოდარ ჩხარტიშვილია, რომლის ხელმძღვანელობით „ტონუსმა“ სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა და ქვეყნის საუკეთესო გუნდის სტატუსი მოიპოვა. როგორც ლევან ფიფია აცხადებს, „ტონუსის“ წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდა წყალბურთელების მაღალ სპორტულ მომზადებას.
„U18 საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებით გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართველი წყალბურთელების ახალი თაობის წარმატების გზაზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმი, დისციპლინა და გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინეს. ეს შედეგი არის ყოველდღიური შრომის, მიზანმიმართული მომზადებისა და მწვრთნელების თავდადებული საქმიანობის დამსახურება.
ვულოცავთ „ტონუსის“ თითოეულ სპორტსმენს, გუნდის მთავარ მწვრთნელს ნოდარ ჩხარტიშვილს და კლუბის მთელ კოლექტივს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი ჩემპიონები მომავალში საქართველოს წყალბურთის ეროვნულ გუნდებს ღირსეულად წარმოადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე“, -
აცხადებს ლევან ფიფია.
ცნობისთვის: „ტონუსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა სახეობების ცენტრია, სადაც წყალბურთისა და ცურვის მიმართულებით ახალგაზრდების მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
0
0