
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი - პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.
ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.
ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა - პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.
„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ - ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ - ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.
პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას - პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.
0
0
ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
13/03/2026