
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის - ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, აღზრდილებსა და კოლეგებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ქალბატონი ელენეს სახით, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ და უმაღლესი განათლების სისტემამ დაკარგა გამორჩეული მკვლევარი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედებითი ენერგია გეოლოგია-მინერალოგიის დარგის განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა. მისი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომები და ღვაწლი ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა ჩვენი ქვეყნისთვის.
განსაკუთრებულია მისი დამსახურება თაობების აღზრდის საქმეშიც. მან, როგორც უბადლო პედაგოგმა, მრავალ ახალგაზრდას გაუკვალა გზა პროფესიულ სამყაროში, აღზარდა მაღალი დონის სპეციალისტები და მკვლევრები, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ჰიდროგეოლოგიის, მინერალოგიისა თუ საინჟინრო გეოლოგიის სფეროში. სამეცნიერო და აკადემიურ საზოგადოებაში ქალბატონი ელენეს ხსოვნა მუდამ დარჩება მაღალი აკადემიური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ადამიანურობის სიმბოლოდ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მის მრავალრიცხოვან აღზრდილებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.
ინფორმაციისთვის: ელენე აბაშიძე 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორია. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მექანიზმის შესწავლაში. მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო სადოქტორო ნაშრომი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიულმა ინსტიტუტმა შეაფასა როგორც საუკეთესო, მისი ავტორი კი „წლის ქალის“ საპატიო წოდებით დააჯილდოვა.
0
0