
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამეცნიერო და აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ღვაწლმოსილი და გამორჩეული თანამშრომლისა და პედაგოგის, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიების ხელმძღვანელის, სტუ-ის ოქროს მედლის კავალერის, საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრის - ლევან მაცაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„91 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უხუცესი თანამშრომელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის გუნდის ერთგული და ღვაწლმოსილი წევრი, რომელიც 1957 წლიდან მოყოლებული, მუხლჩაუხრელად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და დიდ ძალისხმევას დებდა თაობების აღზრდაში. ბატონი ლევალ მაცაბერიძე თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელსაც მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება დაუკავშირა.
ჩვენთვის მძიმეა განშორება იმ კოლეგასა და უფროს მეგობართან, რომელიც ესოდენ გამოირჩეოდა სითბოთი და სიყვარულით, აღსავსე იყო განუზომელი ერთგულებითა და ენერგიით. შეუფასებელია მისი ღვაწლი საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნასა და განვითარებაში - ბატონი ლევანი სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობდა საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიების მუშაობას, მისი პროფესიული თვისებები კი ყოველთვის იმსახურებდა უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან.
ბატონი ლევან მაცაბერიძის გამორჩეული ღვაწლი და დამსახურება - შეტანილი უნივერსიტეტის განვითარებასა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში - აღინიშნა უნივერსიტეტის საპატიო და უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით, რომელიც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მას შარშან საზეიმოდ გადავეცით.
ლევან მაცაბერიძის ხსოვნას მუდამ შემოინახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი! გულით ვუსამძიმრებთ მაცაბერიძეების ოჯახს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, ბატონი ლევანის ახლობლებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
0
0