
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი მათემატიკოსისა და პედაგოგის, სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, მრავალი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალებით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის კვლევითმა ინსტიტუტმა დაკარგა გამორჩეული მეცნიერი, პედაგოგი და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით გამორჩეული კოლეგა. მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობით მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ქართული მათემატიკის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებების განვითარებაში.
პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის პრინციპულობა, მაღალი პროფესიონალიზმი და ახალგაზრდებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მრავალი თაობისთვის იყო სამაგალითო. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი წარმატებული სპეციალისტი, ხოლო მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მომავალშიც ღირსეულ სამსახურს გაუწევს ქართულ მეცნიერებას.
ბატონი თეიმურაზი ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, კეთილგანწყობითა და კოლეგებისადმი პატივისცემით. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრ „სისტემოტის” გენერალური დირექტორი, აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და მსოფლიო ფორუმებში, მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 65 სამეცნიერო ნაშრომი, ორი სახელმძღვანელო და მონოგრაფია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს, მოწაფეებსა და კოლეგებს - ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბედნიერება ჰქონდა, ემუშავა და ეთანამშრომლა მასთან. დარწმუნებული ვარ, პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის ღვაწლი და კვლევითი მემკვიდრეობა ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების ისტორიაში“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
0
0