
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Rotterdam University of Applied Sciences, ჰოლანდია) პროფესორმა კაროლე ვესტერკამპმა (Carole Westerkamp) საჯარო ლექცია გამართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, კაროლე ვესტერკამპის საჯარო ლექცია - „კომუნიკაციის თანამედროვე ტექნიკები“ - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სფეროთი დაინტერესებულმა მსმენელებმა.
ლექციის ფარგლებში როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა როგორც ინტერპერსონალურ, ორგანიზაციულ და ციფრულ კომუნიკაციის სტრატეგიებზე, ისე სოციალური მედიის გავლენას და ვირტუალური თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე; გარდა ამისა, განიხილა ინფორმაციის გადაცემის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კაროლე ვესტერკამპმა სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებიდან პრაქტიკული მაგალითები და რეკომენდაციები გაუზიარა, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება პროფესიულ გარემოში. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო აკადემიური შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციას.
„21-ე საუკუნეში, როცა ტექნიკა სინათლის სიჩქარით ვითარდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კომუნიკაციის როლის გააზრება. არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკურ ცოდნასა და პროგრამირებას უკავშირდება, თუმცა რეალობაში დარგი ასევე დამოკიდებულია ეფექტიან კომუნიკაციაზე - იქნება ეს გუნდური მუშაობა, პროგრამული პროდუქტების ერთობლივი განვითარება, მომხმარებელთან ურთიერთობა თუ იდეების მკაფიოდ და გასაგებად გადმოცემა. თანამედროვე IT სპეციალისტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სამიზნე აუდიტორიისთვის ტექნიკური ინფორმაციის ტრანსფორმაცია გასაგებ ენაზე შეძლოს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზრუნავს, რომ სტუდენტები არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას ფლობდნენ, არამედ ეფექტიანი კომუნიკაციის მეშვეობით შეძლონ თავიანთი იდეების გადმოცემა და საერთაშორისო გარემოში წარმატებული ინტეგრაცია. ამ და სხვა მიზეზთა გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომუნიკაციის უნარების განვითარება ინტეგრირებულია სასწავლო პროგრამებში და სხვადასხვა პრაქტიკულ კომპონენტში - პრეზენტაციებში, გუნდურ პროექტებში, კვლევით საქმიანობასა და საჯარო გამოსვლებში. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ მაღალი დონის საინჟინრო-ტექნიკური განათლება, არამედ ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან პროფესიონალებად, შეძლონ ინოვაციური იდეების გენერირება და მათი წარმატებით რეალიზაცია საერთაშორისო გარემოში“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.
სტუ-ის ინფორმაციით, ლექციის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელზეც როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორისგან სტუდენტებმა საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
0
0