
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და კვლევით-ინოვაციურ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერთა კვირეულს - „ახალგაზრდები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ - უმასპინძლა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, კვირეულის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები. ღონისძიებების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის მეცნიერების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში არსებული შესაძლებლობების გაცნობა, ასევე, სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაღრმავება იყო.
მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტში ღია კარის დღეები და თემატური საჯარო ლექციები გაიმართა. ღია კარის დღეების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, ფაკულტეტებზე მოქმედ თანამედროვე კვლევით ლაბორატორიებს, სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე კვლევებს, საერთაშორისო პროექტებსა და ინოვაციურ მიმართულებებს. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და საჩვენებელ ექსპერიმენტებში, რაც მათთვის მეცნიერების პრაქტიკული ასპექტების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა გახდა.
ღია კარის დღის ფორმატში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, სადაც გაეცნენ უნიკალურ წიგნსაცავებს, რარიტეტულ კოლექციებსა და სამეცნიერო-საინჟინრო ლიტერატურის მდიდარ ფონდს; მოინახულეს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გეოლოგია-პალეონტოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალოგიისა და პეტროგრაფიის უნიკალური მუზეუმები, ენერგეტიკის ფაკულტეტის უახლესი აპარატურით აღჭურვილი განახლებადი ენერგიების თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში უანალოგო სივრცეა.
ღია კარის დღის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ინოვაციური პროექტებით გამორჩეული საუნივერსიტეტო ფაბლაბი (ბიზნესინკუბატორი), სამშენებლო ფაკულტეტის თანამედროვე ტიპის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ახალი კვლევითი სივრცეები, ასევე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არტ-სახელოსნოები, სადაც სტუდენტები თავიანთი პედაგოგების - ცნობილი არქიტექტორების მენტორობით არაჩვეულებრივ პროექტებს ქმნიან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებში იმარჯვებენ.
მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი. მან მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის აქტუალური სამეცნიერო მიმართულებები, თანამედროვე კვლევითი ტენდენციები და ესაუბრა უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.
პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, მეცნიერთა კვირეული, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი, მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაძლიერების მხრივ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობას უქმნის, ახლოს გაეცნონ თანამედროვე კვლევით გარემოს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
„მეცნიერთა კვირეული მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს შემეცნებისა და კვლევითი საქმიანობისადმი ინტერესის გაღვივების შესაძლებლობას აძლევს. დღეს მეცნიერება და ინოვაციები ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პერპეტუუმ მობილეა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ მეცნიერების პრაქტიკული მნიშვნელობის აღქმას და თავიანთი შესაძლებლობების აღმოჩენას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძისა და მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას უშუალო და ქმედითი მხარდაჭერა, რაც ახალგაზრდებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობისა და კვლევით საქმიანობაში მათი ჩართულობის გაფართოებას უწყობს ხელს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს მეცნიერების პოპულარიზაციის პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალი თაობის მკვლევრებისა და ინოვატორების ჩამოყალიბებას, რომლებიც მომავალში ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ“, - აღნიშნა მიხეილ ჯანიკაშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში გაიმართა თემატური საჯარო ლექციებიც. სტუ-ის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციების ცენტრის წამყვანმა დეველოპერმა გიორგი ბოხოჩაძემ ახალგაზრდებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე - „ბირთვული ინჟინერია“, ხოლო არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პედაგოგმა მელანო კოვზირიძემ მონაწილეებს შესთავაზა ლექცია თემაზე - „კინეტიკური არქიტექტურა - მოძრაობა, როგორც სივრცის ენა“. მომხსენებლებმა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
0
0