30/12/2022
17:59
ეკონომიკა
2023 წლის 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საქართველომ თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატის მასპინძლობის ორგანიზება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაუჯდა.
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლაინების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა დაახლოებით 300 მლნ ლარის ინვესტიცია.
ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ინფრასტრუქტურას გათოვლიანების სისტემა წარმოადგენს, რომლისთვისაც კომპანია TECHNOALPIN-თან 90.5 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდა. ასევე ხელოვნური ტბების მოწყობისთვის 79.7-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA ჩემპიონატის დაწყებამდე “სპორტსმენთა სოფლის” მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც კომპანიამ 12,180,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. ამ თანხით უნდა აშენდეს დროებითი ნაგებობები, რომლებიც სპორტსმენებს, ასევე დამსწრე პირებს მოემსახურება.
“პროექტის შესაბამისად, სპორტსმენთა სოფლის მშენებლობისთვის განხორციელდება 122 ერთეული კონტეინერის წარმოება/მონტაჟი, 4 ერთეული დიდი ანაკრები კონსტრუქციის მოწყობა (არანაკლებ 1400 კვ.მ), მიწის სამუშაოები, შეჯიბრის ფურნიტურით, IT Hardware ტექნიკითა და 68 ერთეული ტუალეტით უზრუნველყოფა და მომსახურება,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024