
გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურ, გიორგი მათიაშვილთან ერთად გორში რეგიონული ცენტრი ოფიციალურად გახსნა. თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას ახალი ცენტრის ამოქმედება მიულოცა და აღნიშნა, რომ რეგიონულ ცენტრებს რეკრუტირებისა და გაწვევის პროცესის მართვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სიმბოლური ლენტის გაჭრის შემდეგ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებსა და მოწვეულ სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და მისი ამოცანები გააცნო.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის გახსნის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის ძალების სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო 8 რეგიონულ ცენტრსა და 81 მუნიციპალურ განყოფილებას მოიცავს. სააგენტო თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისთვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს. დაინერგა ახალი მიდგომები და სისტემები, მათ შორის, წვევამდელთა გაწვევის პროცესის უზრუნველსაყოფად ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპზე აგებული ალგორითმით ახორციელებს წვევამდელთა შერჩევას. ასევე. შემცირდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები, ანაზღაურება კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.
0
0