
საქართველოს შეიძლება არ აქვს წიაღისეულის თვალსაზრისით მდიდარი რესურსები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც უკავშირდება სატრანზიტო შესაძლებლობებს, რათა მართლაც მდიდარი რესურსები, რომელიც არსებობს დღეს ცენტრალურ აზიაში საქართველოს გზით გავატაროთ და მივაწოდოთ დასავლურ ბაზრებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ეს არის ის, რამაც შეიძლება დააინტერესოს აშშ, რათა გადატვირთოს სტრატეგიული ურთიერთობები, თუმცა ამას ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ ინიციატივას, რომელიც ამერიკის სენატში დაიწყო. ეს არის ორპარტიული ინიციატივა, რომლის გათვალისწინებითაც ამერიკამ უნდა მოახდინოს განსაკუთრებული პოლიტიკის გატარება და რეაგირება ჩინეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და კონკრეტულად, პორტების ხელში ჩაგდების მცდელობის გასანეიტრალებლად. ყველას გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტიდან გააძევა დასავლელი ინვესტორები და ფაქტობრივად, ამ პორტის გადაცემა გადაწყვიტა სწორედ ჩინეთისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დღეს არამხოლოდ სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევა, არამედ, პოტენციურად ეს ჩვენ ხელს გვიშლის შევქმნათ მნიშვნელოვანი საყრდენი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობების ახლიდან შექმნისთვის. ეს ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილმა გასული წლების განმავლობაში გაანადგურა. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს აშშ-ის პოლიტიკა ეფუძნება, პირველ რიგში, ინტერესების შექმნისა და ამ ინტერესების დაცვის გატარების ლოგიკას. საქართველოს შეიძლება არ აქვს წიაღისეულის თვალსაზრისით მდიდარი რესურსები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც უკავშირდება სატრანზიტო შესაძლებლობებს, რათა მართლაც მდიდარი რესურსები, რომელიც არსებობს დღეს ცენტრალურ აზიაში საქართველოს გზით გავატაროთ და მივაწოდოთ დასავლურ ბაზრებს. სწორედ ეს არის ის, რამაც შეიძლება დააინტერესოს აშშ, რათა გადაიტვირთოს სტრატეგიული ურთიერთობები, თუმცა ამას ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს. ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მტკიცედ მიბმას რუსეთისა და ჩინეთისთვის და დასავლეთის გაძევებას ჩვენი რეგიონიდან. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“, „ლელოს“ დიდი ხანია გვაქვს არამხოლოდ შესაბამისი სამოქმედო გეგმა, არამედ დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტში დაბრუნდეს ამერიკული ინვესტიციები და ამ პროექტის განხორციელების პროცესი სწორედ დასავლური დახმარებით განახლდეს. თუმცა ეს ვერ მოხდება მანამ, სანამ ქვეყანაში არალეგიტიმური მთავრობის სახით პოლიტიკური ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილს რეჟიმს აქვს მითვისებული. ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის, ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია ორი საკითხის გადაჭრა: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სწრაფად აღდგენა, აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების სწრაფად აღდგენა. ორივე ამ ამოცანის განხორციელებას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა, სჭირდება ლეგიტიმური, დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ხედავდეს, რომ არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, არამედ მათი პირადი უსაფრთხოებაცა და დაცულობაც უკავშირდება სწორედ ამ ამოცანის განხორციელებას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
0
0