14/01/2023
21:13
სპორტი
საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულები დააჯილდოვა.
რჩეულები გულშემატკივართა გამოკითხვით, სტატისტიკის საფუძველზე და მედიის, კლუბებისა და სპორტული საბჭოს წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად 2022 წლის საუკეთესო მორაგბედ, ზედიზედ მეორედ (2021, 2022), დავით ნინიაშვილი დასახელდა. მას ასევე წლის საუკეთესო ლეგიონერის ჯილდოც გადაეცა.
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო ლელოდ თედო აბჟანდაძის მიერ იტალიასთან გატანილი პირველი ლელო დასახელდა.
თედო აბჟანდაძე ასევე წლის მექულე გახდა.
წლის დარტყმა 19 ნოემბერს კარდიფში ლუკა მატკავამ შეასრულა. ლუკა უელსთან შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა, 4 წუთში კი დაახლოებით 42 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა – 13:12.
წლის დებიუტანტად 20 წლის ალექსანდრე ქუნთელია დასახელდა.
2022 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი ლელო აკაკი ტაბუცაძემ (7) გაიტანა.
რაგბის კავშირის რჩეული მოთამაშეები სანდრო თოდუა და ვასილ ლობჟანიძე გახდნენ.
ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს სპეციალური პრიზი – „წლის კაპიტანი“ გადაეცა.
წლის მწვრთნელად „ბორჯღალოსნებისა“ და „შავი ლომის“ თავკაცი ლევან მაისაშვილი დასახელდა – მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს ორი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ტიერ 1-ის გუნდებთან: ბათუმში — იტალიასთან და კარდიფში — უელსთან. ამას გარდა, მაისაშვილმა „შავ ლომს“ ორჯერ რაგბი ევროპის სუპერთასი მოაგებინა.
დაჯილდოვდნენ შვიდკაცა რაგბის მოთამაშეებიც – წლის საუკეთესო მორაგბის პრიზი ირკალი სიმსივეს გადაეცა. ქუთაისის „აიას“ მოთამაშემ, ფაქტობრივად, მთელი წელი შეუსვენებლად ჩაატარა და დუბაის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გამარჯვების არეკნიც გაიტანა.
წლის საუკეთესო ქალი მორაგბე ირმა გულიაშვილი გახდა.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0