
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1997 წელს დაბადებული ინდოეთის მოქალაქე ვ.გ. დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული ვ.გ. ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისჯილი აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.
"ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ვ.გ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0