
იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა.
მხარეებმა ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა დაადასტურეს და პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.
0
0
 
             
             
             
             
             
            