
30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ „ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.
„საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”, – მოჰყავს საელჩოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ციტატა.
0
0