
ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი, გამომდინარე დღევანდელი როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კონიუქტურიდან რეგიონში, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ვილნიუსში განაცხადა.
„ჩვენი ძალისხმევის შედეგად, საბოლოო პოლიტიკურ განცხადებაში იქნება ეს დეკლარაცია თუ კომუნიკე, ზედმიწევნით იქნება ასახული სწორად და ოპტიმისტურად ჩვენი მომავალი გეგმები, ჩვენი სწრაფვა ალიანსისკენ. ის, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაუბრუნდება ნატო და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, იქნება ასახული ჯეროვნად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პრაქტიკული ელემენტები. მათ შორის თვდაცვისუნარიანობის ამაღლება, მათ შორის ჩვენი თავსებადობის გაძლიერება ალიანსთან და რაც მთავარია, ნატო-სთან, უფრო სწორად ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა ვილნიუსის სამიტზე.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ უმნიშვნელოვანესია ნომერ პირველი პრობლემა ჩვენი, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს შეეხება. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან მიმართებაში ჯეროვნად იქნება ასახული ის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. სამხედრო ძალებს ვგულისხმობ, მილიტარიზაცია უნდა შეაჩეროს და ამავე დროს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება აღიარების პოლიტიკის შესახებ.
გარდა ამისა, იმედი მაქვს რომ ჯეროვნად აისახება საქართველოს კონტრიბუცია ნატო-ს ოპერაციებში და ჩვენი ძალისხმევა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ოპერაციების თვალსაზრისით, ჩვენი მონაწილეობის შესახებ და ალბათ ორი სიტყვით იქნება გატარებული რეფორმებისა და ზოგად დემოკრატიული რეფორმირების შესახებ აღნიშნული დეკლარაციაში“,- განაცხადა დოლიძემ.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობა.
„თუ რომელი მექანიზმით იქნება ეს საბოლოოდ განპირობებული, მაპის გარეშე თუ მაპთან ერთად, ამას ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ამას ალბათ დრო და გარემოებები განაპირობებს. თუმცა უკრაინას რაც შეეხება, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დატვირთვას იძენს დღეს კონიუნქტურის გამო. აქედან გამომდინარე, ჯერ თვითონ დეკლარაციაში რა აისახება, ამ წუთას არ არის ცნობილი. თუმცა ამას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვუყურებ, მათ შორის თუნდაც ფინეთის და შვედეთის გამოცდილების თვალსაზრისით“,- აღნიშნა დოლიძემ.
0
0