11/11/2023
01:10
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ელმავლების ტენდერთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს და მიმართულია კომპანიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ.
საქართველოს რკინიგზამ 10 ელმავლის შესყიდვაზე ტენდერი 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომლის ღირებულება დაახლოებით 184 მლნ ლარია. კომპანია ელმავლების შესყიდვას მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე ოპერირებისთვის გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება და საქართველოს რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებს განახლებული სალოკომოტივო პარკით განახორციელებს.
ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობისა და შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული და თანასწორი მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო პროცედურების ჩატარებამდე კომპანიამ ბაზრის კვლევა განახორციელა ისეთ ევროპულ, უმსხვილეს, რეპუტაციულ კომპანიებთან როგორებიცაა: შკოდა, სიმენსი, ალსტომი. ტენდერის გამოცხადების შესახებ წერილები გაიგზავნა საქართველოში მოქმედ ევროპის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის საელჩოებში.
განვმარტავთ, რომ განცხადებაში ციტირებული საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტი (“ТР ТС”) ეხება 1520 მმ რელსზე მოძრავ სარკინიგზო შემადგენლობის უსაფრთხოების ნორმებს და აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობის დამადასტურებელი პროცედურის გავლისა და სერტიფიკატის მიღება შეუძლიათ, მათ შორის იმ ქვეყნების მწარმოებლებსაც, რომლებიც არ არიან გაერთიანებული აღნიშნულ საბაჟო კავშირში. გამომდინარე აქედან, ის ფაქტი, რომ საბაჟო კავშირის შემადგენლობაში არ შედის ესა თუ ის ქვეყანა, არ ზღუდავს აღნიშნული ქვეყნის მწარმოებლებს მიმართონ ზემოთნახსენებ ორგანოს რეგლამენტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ამდენად, ბრალდება იმის შესახებ, რომ საქართველოს რკინიგზამ დაავიწროვა ელმავლების მწარმოებელი ქვეყნების წრე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
სიმართლეს არ შეესაბამება ასევე განცხადება იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს რკინიგზა ითხოვს რუსულ სერტიფიკატს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზა თანამეგობრობის ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს წევრია. აღნიშნული საბჭო არ არის “დსთ,“ როგორც ეს განცხადებაშია მითითებული, არამედ წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციების კოორდინაციის მიზნით შექმნილ საბჭოს, რომლის ასოცირებული წევრები საქართველოსთან ერთად, მათ შორის, არიან: ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის რკინიგზები. ამავე საბჭოს რეგლამენტებით მოთხოვნილია მთელი რიგი სარკინიგზო პროდუქციის (მათ შორის, ელმავლების) სავალდებულო სერტიფიცირება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. აღნიშნული შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ აკრედიტირებულ ორგანოებს, რომელთა ჩამონათვალიც დამტკიცებულია ამავე საბჭოს მიერ. აღნიშნულ ნუსხაშიც კი რეგისტრირებული არიან სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტირებული ორგანოები და ამდენად, არ არსებობს არანაირი ნორმა, რომელიც შეზღუდავს ამა თუ იმ ქვეყნის მწარმოებელ კომპანიას მიმართოს ხსენებულ აკრედიტირებულ ორგანოებს და აიღოს შესაბამისობის სერტიფიკატი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზის მიერ ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და მოვუწოდებთ ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს," თავი შეიკავოს მცდარი, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ლახავს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას.
0
0