
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა, ამ კონფერენციის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრებიც რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ამ ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სწორედ დაკავშირებადობის, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით, რაც საინტერესო საკითხია ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის.
„საქართველოს მონაწილეობა ამ კონფერენციაში იყო კარგი შესაძლებლობა, რომ სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გაგვეკეთებინა აქცენტები საქართველოს როლზე რეგიონში და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. გვქონდა ასევე შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე. ის გეგმავს უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებითაც შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები თურქმენეთთან და ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, – განაცხადა მინისტრმა.
0
0