15/01/2024
21:34
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ დავოსის ფორუმს შეუერთდება, სადაც შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან, ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
შვეიცარიის სამთო კურორტი მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე, ამჯერად, 3 000 სტუმარს მასპინძლობს, საიდანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია. გლობალური პრიორიტეტები გაფართოვდა. ფორუმი ორი დიდი ომის პირობებში ტარდება, რაც მსოფლიოს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, ამიტომ ეკონომიკურ ფორუმზე მხოლოდ ეკონომიკა არ განიხილება.
ყველა გამოწვევა: უსაფრთხოება და თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში, გრძელვადიანი სტრატეგიები კლიმატზე და ენერგეტიკაზე. დავოსის 54-ე ფორუმზე ცალკე თემა იქნება ხელოვნური ინტელექტიც, რომელსაც მომავლის შეცვლა შეუძლია.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავოსის ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
"ბოლო წლებში, დაოსი გახდა ეკონომიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც, ამიტომ ქვეყნის ცნობადობისა და რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავოსში მაღალ დონეზე მონაწილეობა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, გარდა ბი თუ ბი შეხვედრებისა რომელიც ჩვენ გვექნება ბიზნესებთან. რა თქმა უნდა, თვეების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, შესაბამისად შეხვედრები უკვე ჩანიშნულია. შეხვედრები მსოფლიოს ბერ კომპანიასთან გვექნება და სფეროებიც ძალიან მრავალფეროვანია. ეს ეხება როგორც ფინანსურ მომსახურებას, ასევე კონკრეტულ სხვადასხვა სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ, სამშენებლო, რითეილ და სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0