
საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
„ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციელზე სავარაუდო თავდასხმის ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა - არადემოკრატიული, არაევროპული და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ კურსზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.
0
0