15/11/2022
14:13
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა. მიღებას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უმასპინძლეს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინელი ბავშვების საქართველოში ყოფნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, როგორც საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტის, არამედ ადამიანური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც.
„ამ უკრაინელმა ბავშვებმა, რომ შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა და ბედნიერი დღეების გატარება, ყველაზე დიდი წვლილი თავად ბატონ არჩილს მიუძღვის, რომელმაც არა მხოლოდ თვითონ იდეის აქტუალიზება მოახდინა, არამედ, ორგანიზაციულად ჩართული იყო და ამ ჯგუფს არ მოსცილებია, მათთან ერთად გაატარა ეს დღეები და დღესაც, მათი წინამძღოლი არის პარლამენტის შენობაში. ამიტომ, მინდა მას და ქალბატონ მარჩენკოს მადლობა გადავუხადო.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფებზე, ეს ხშირ შემთხვევაში არის საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება უკრაინის და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფს – ეს არის არა მხოლოდ საპარლამენტო დიპლომატია და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, არამედ, ეს არის ადამიანური მეგობრობის ჯგუფი და ვფიქრობ, რომ ეს მეგობრობა მათ შორის, ადამიანური და პიროვნული ამას ადასტურებს. მინდა ორივეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეს მშვენიერი ბავშვები დღეს ჩვენ გვეწვივნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის რადას დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ლუდმილა მარჩენკომ ქართველ კოლეგებს უკრაინელი ბავშვების საქართველოში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის ნათელი და მკაფიო დადასტურებაა ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკრაინის და უკრაინელი ბავშვების მიმართ იჩენს.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები და პარლამენტის საპატიო სტუმრის სერტიფიკატები გადაეცათ.
უკრაინელი სტუმრებისთვის მოეწყო ტური პარლამენტში. ეს უკრაინელი ბავშვების მეორე ჯგუფია, რომელიც ქართული მხარის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
0
0