14/05/2025
16:26

საქართველოს პარლამენტმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტის“ პასუხად სპეციალური განცხადება მიიღო.
11 გვერდისგან შემდგარი განცხადების პროექტი 87 - ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBAR აქტს“ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტად აფასებს.
დოკუმენტში საუბარია Deep State-ზე და მასში ნათქვამია, რომ Deep State-ი და მისი ინსტიტუტები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ.
საქართველოს პარლამენტის შეფასებითვე, ე.წ. “მეგობარი აქტი“ სამ ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომ ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს “რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“.
განცხადებაში საქართველოს პარლამენტი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია Deep State-ს წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული, დაიბრუნებს.
ამასთან, საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს.
“უკვე დიდი ხანია, ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ქვეყნის წინააღმდეგ 6 მტრული რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ, ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი.
საქართველოს პარლამენტის შეფასებით, ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს − “დიპ სტეიტმა“ საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა “დიპ სტეიტის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.
0
0