18/04/2024
14:48
პოლიტიკა
„17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკამათო კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კრიტიკოსების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი რუსეთში მოქმედი კანონის გამოძახილია, რომელიც დისიდენტების პოლიტიკური საქმიანობის ჩასახშობად გამოიყენება. კანონპროექტის ინიცრებამ დედაქალაქ თბილისის ქუჩებში მასობრივი პროტესტი გამოიწვია - მომიტინგეები, მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, კანონპროექტის შესაძლო მიღებას გმობენ. ზურაბიშვილი და სხვა კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონპროექტი თავისთავად გარე მხარისთვის [რუსეთისთვის] ჩარევის საშუალებაა, რასაც მხარს უჭერს რუსეთი და მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას,“ - წერს The Washington Post-ი.
„ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართული ოცნება“, საკმარისი რაოდენობის ხმებით, ვეტოს დაძლევას შეძლებს და კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარს დაუჭერს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, არასამთავრობო ჯგუფები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“. ეს ეხება ორგანიზაციებს, აქტივისტთა ჯგუფებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ.
რუსეთის კანონმდებლობაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულმა მსგავსმა მოთხოვნამ ოპოზიციონერების დევნა გამოიწვია და მრავალი საინფორმაციო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია (მათ შორის Memorial, რომელსაც 2022 წელს ნობელის პრემია გადაეცა) დაიხურა. საქართველოს მთავრობა კი ამტკიცებს, რომ მისი კანონმდებლობა ქართულ პოლიტიკაზე საგარეო გავლენის მოხდენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა.
თუმცა აღნიშნული კანონპროექტი დიდი ხანია, აძლიერებს შიშს, რომ მთავრობა მოსკოვის მეგობარი ოლიგარქის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნები“ს დე ფაქტო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალებს და შესაძლოა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გეგმები ჩაიშალოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი საქართველოს გასულ წელს მიენიჭა, მაგრამ ბრიუსელი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო. ევროკავშირმა ბოლო მოხსენებაში თბილისი გააფრთხილა, რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს დეზინფორმაციის გავრცელებისა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა, უსაფრთხოების სამსახურების გაკონტროლება და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება.
გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მცდელობამ თბილისის ქუჩებში სამდღიანი ძალადობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და კანონპროექტის განხილვა შეჩერდა. თუმცა, მიმდინარე თვეში „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელახლა გაიტანს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა და პირველ კენჭისყრაზე კანონპროექტის წარდგენას გზა გაუხსნა.
უფლებადამცველმა ჯგუფებმა, მათ შორის Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა, კანონპროექტი დაგმეს და განაცხადეს, რომ ის ძირითად თავისუფლებებს შეზღუდავს. აღნიშნული კანონის დამრღვევ პირებს შეიძლება გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთა დაეკისროს. Human Rights Watch-ის მტკიცებით, კანონმდებლობა „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონთან და სტანდარტებთან, რომლებიც იცავს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს“,“ - წერს The Washington Post-ი.
0
0