
"ევროპარლამენტის მხრიდან აკრძალვა ამ ეტაპზე მხოლოდ „იმედს“ ეხება. „რუსთავი 2-სა“ და „პოსტივის“ გაეგზავნათ გაფრთხილება, რომ მსგავსი შემთხვევის განმეორებისას, შესაძლოა, მათაც იგივე სანქცია დაუწესდეთ. ამასთან, მუდმივი აკრედიტაცია არც მათ აქვთ და მათი მოთხოვნა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ასევე ვიცით, რომ „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ „იმედის“ სატელიტები არიან. თუ 1 წლის განმავლობაში „იმედს“ არ ექნება ევროპარლამენტში ოპერირების საშუალება, ამ საქმიანობას სწორედ ისინი გააგრძელებენ, ამიტომ მათთან დაკავშირებულ სანქციებსაც ძალიან აქტიურად განვიხილავთ."- ამბობს პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას პოლიტიკური მრჩეველი ელენე მეტრეველი "ნეთგაზეტთან" ინტერვიუში.
იყო თუ არა "იმედისთვის“ აკრედიტაციის შეჩერების საბოლოო საფუძველი რასა იუკნევიჩიენესთან ე.წ. გაუფრთხილებელი ინტერვიუ, მეტრეველი პასუხობს, რომ მხოლოდ ეს არ ყოფილა.
"პირველი მიზეზი რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წინააღმდეგ მათი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გააქტიურება იყო. ამას მოჰყვა ინტერვიუსთვის გაუფრთხილებლად მივარდნა ჯერ მარკეტა გრეგოროვასთან, შემდეგ კი — რასა იუკნევიჩიენესთან. ამიტომ, საფუძველი მხოლოდ ფარული ჩანაწერი არ ყოფილა; მთავარი მიზეზი ევროპარლამენტისა და მისი წესების წინააღმდეგ მიმართული სისტემური ქმედებებია."
რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ, ევროპარლამენტში უფრო მკაცრი წესები ყოფილა და დაფიქრდება, საქართველოს პარლამენტშიც იგივე წესები გაავრცელოს თუ არა. ელენე მეტრეველისტვის მსგავსი შედარება შეუძლებელია.
"ჩემი აზრით, საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია და შეუძლებელია მისი შედარება ევროპარლამენტთან, სადაც დემოკრატიული კანონები და წესები მოქმედებს....
ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მყოფი საქართველოს პარლამენტის ევროპარლამენტთან შედარება, სადაც კონკრეტული წესები მოქმედებს, სრულიად წარმოუდგენელია. ევროპარლამენტის შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ მედიის მხრიდან რუსული ნარატივების გავრცელებასა და წესების სისტემურ დარღვევაზე. პაპუაშვილის განცხადება აბსოლუტურად არარელევანტურია და ამ ორი შემთხვევის ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობა უბრალოდ სასაცილოა."- აცხადებს მეტრეველი.
0
0