საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 5 ივნისს ფარერის კუნძულებს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება – ინფორმაციას ფარერების ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს, თუმცა ქართული მხარე ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს.
ეს იქნება ფიფა-ს სანაკრებო ფანჯარაში (2-10 ივნისი) „ჯვაროსნების“ ის შეხვედრა, რომლითაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებისთვის მოემზადება, ვილი სანიოლი კი ახალი მოთამაშეების გამოცდას და გუნდის შეთამაშებას შეეცდება.
საქართველოს ნაკრები ფარერების გუნდს აქამდე ორჯერ ეთამაშა – „ჯვაროსნებმა“ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კუნძულელები სტუმრად 6:0 დაამარცხეს, თბილისში კი 3:1 სძლიეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ესპანეთი და ბულგარეთი იქნებიან. ვილი სანიოლის გუნდი შესარჩევ ეტაპს 4 სექტემბერს თბილისში თურქეთთან მატჩით დაიწყებს.
0
0